Tuesday, July 7, 2009

ჩემი ბერგენი, შენი ბერგენი, ჩვენი ბერგენი :)


ახლახანს არაჩვეულებრივი პოსტი ვნახე ბერგენის შესახებ და მეც გამიჩნდა სურვილი ჩემი ბერგენული შთაბეჭდილებები გამეზიარებინა...
ფრენა დიდხანს გრძელდება... ერთი... ორი... სამი გულის აფრიალება და იქ ხარ! აეროპორტში ლურჯი ქოლგებით და ღიმილიანი სახეებით დაგვხვდნენ... ქოლგა აუცილებელია თუ მიდიხარ ბერგენში - წვიმების და გიჟური ამინდების ქალაქში...
ჩვენ რომ ჩავედით ციოდა, ზამთარი იყო, დეკემბერი... თერმომეტრი უფრო დაბალ ნიშნულზე იყო ვიდრე ოდესმე მინახავს :) ირგვლივ ყველაფერი ყინულით ბზინავდა: წვეტიანსახურავებიანი სახლები, მთებში დაკლაკნილი გზები, მთვარით განათებული ყურეები და ჩვენი საყვარელი თეთრი სასტუმრო... სასტუმრო არა, უფრო სახლი იყო... ოცნების სახლი მშვიდი კედლებით, ხის კუსკუსა კიბეებით და, რაც მთავარია, - პირდაპირ სახურავზე გამავალი ფანჯრებით... ეს ყოფილა ბედნიერება :)))

ქუჩები უკვე საშობაოდ იყო მორთული, ბევრი არაფერი, მხოლოდ დიდი ვარსკვლავები (როგორც ბეთლემის თვზე 2000 წლის წინათ) და მოციმციმე ნათურები, ისეთები აქ რომ გვინახავს ძველ სახლებში ჭერზე ობლად ჩამოკიდული...

დღე ერთი იყო და ამინდი ათასი... წვიმა-თოვლი-მზე-წვიმა-ცისარტყელა-მზე-თოვლი-წვიმა და ასე გაუთავებლად...
დღეო ვამბობ და სულ დამავიწყდა, რომ თითქმის არ თენდებოდა საერთოდ... იყო მისტიური ბინდ-ბუნდი და ჰორიზონტს მოფარებული გაყინული მზე...
ბერგენის ყველაზე საყვარელი და ლამაზთვალება მაცხოვრებლები აკვარიუმის პინგვინები არიან მაინც:) მარტო ამ ღუნღლი არსებების ცოცხლად სანახავად ღირს იქ ჩასვლა და აღრ მოგინდება წამოსვლა... ან თუ წამოხვალ, წამოიპარავ ერთ ღუნღლუკას და სახლში, მაცივარში დააცხოვრებ :)
ქუჩებში ზოგჯერ ისეთი სიჩუმეა, რომ მეგონა ცარიელ ქალაქში დავაბიჯებდი და ჩემი ნაბიჯების ექო პოლუსს წვდებოდა...

ბრიგენზე რომ შეაბიჯებ იქ შენც ირინდები... თავიდან ვერ ხვდები სად ხარ... სხვა განზომილებაა... შუა საუკუნეების ცოცხალი სურათები... ხის წითელი სახლები, ხის წითელი აივნები და ერთმანეთში გადახლართული კიბეები, ხის წითელი ”ქუჩები”(!)... ზღაპარია!


Christmas Shop-ს ვერ აუვლი გვერდს... მეგონა სანტას მოფუსფუსე ელფების პატარა ფაბრიკაში მოვხვდი... იქ, სადაც ჩვენი ბავშვობის საახალწლო-საშობაო საჩუქრებს ჩქარ-ჩქარა ამზადებენ, მერე დიიიიდ ხურჯინში ყრიან და მფრინავი ირმების ეტლში დააბრძანებენ საკვამურში ჩამოსაყრელად...
ხომ არ გამომრჩა რამე... ხო, გამახსენდა, ბერგენი ჩემი სიყვარულის ქალაქიცაა... ეს ისე, სხვათშორის.

მოვა დრო და კიდევ წავალ(თ)... ბერგენი ხომ სულ ჩემია, სულ შენია და ჩვენ-ყველასია!